პრეზიდენტმა შეარჩია ღია სივრცე, სადაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა რთული იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს მოვლენები განვითარდა ისე, როგორც არ აწყობს საქართველოს და საზოგადოებას. "ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. თუ მას მოუთმენლად უნდოდა მიემართა ხალხისთვის, ეს შეეძლო გაკეთებინა იქიდან, საიდანაც ახლა აპირებს. მივედით იქამდე, რომ მან შეარჩია ადგილი ღია სივრცეში, სადაც რთული იქნებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან უნდა გაიაზროს და დაინახოს, რომ საქართველოში დაგროვილია ძალიან სერიოზული უკმაყოფილება და როდესაც ამას ანგარიშს არ უწევს, ე.ი რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმით, რომ პრეზიდენტი 8 თებერვალს პარლამენტში ვერ წარსდგა ყოველწლიური მოხსენებით, კონსტიტუცია არ დარღვეულა.
"მე მინდა გავაკეთო რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება. 1. სამართლებრივი მხარე: გუშინ პარლამენტის ბიურომ მიიღო სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება. ყოველგვარი სპეკულაციები, რომ პარლამენტმა გააკეთა რამე კანონსაწინააღმდეგო, არის სრულიად უსაფუძვლო. კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში და ჩვენ ვთვლით, რომ მას ამის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტის რეგლამენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში შედგება როგორც წესი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, პირველ სხდომაზე გამოსვლა თავად პრეზიდენტმა არ ისურვა და მისი გამოსვლა შედგებოდა 8 თებერვალს თუ 25 თებერვალს, კონსტიტუცია არ დაირღვეოდა. უმრავლესობამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც პარლამენტში იმ ფონზე, რა ფონიც არის შექმნილი დღეს საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის და მისი ქმედებების გამო, ჩვენ გვინდოდა თავიდან აგვეცილებინა დამატებითი გართულებები და გვქონოდა დრო იმისთვის, რომ იმ ხალხთან, რომელსაც შერჩენილი ჰქონდა ქვეყნის სიყვარული, მიგვეღწია შეთანხმება და თავიდან აგვეცილებინა პოლიტიკური გართულებები. მე უმცირესობის წარმომადგენლებს წინა დღესვე შევთავაზე, რომ გამოსვლა გადაგვედო პრეზიდენტის, მაგრამ ამაზე უარი თქვეს და როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ნებას ჯერ კიდევ ვერავინ აღუდგება წინ. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადადების და არა გაუქმების და კიდევ ერთხელ მივეცით შესაძლებლობა "ნაციონალურ მოძრაობას", გაეანალიზებინათ არსებული ვითარება", - განაცხადა უსუფაშვილმა.