პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები და ადამიანის უფლებათა დამცველები, რომელთა ორგანიზებულიც იყო დღევანდელი აქცია, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომლებიც არიან აქ შეკრებილნი, დაიშალონ და დაასრულონ საპროტესტო აქცია.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ჩიტაძემ. მისი თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი არის მიღწეული და უკვე ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა აქ მოსვლა, ნიშნავს იმას, რომ მათი შედეგი მიღწეულია. ამასთან, როგორც ლევან ჩიტაძემ აღნიშნა, უფლებადამცველები და პოლიტპატიმრები შეიკრიბებიან სხვა გარემოში და იქ გადაწყვეტენ თუ როგორ გააგრძელონ, რა ფორმით გააპროტესტონ მიხეილ სააკაშვილის საკუთარ პოსტზე დარჩენა.
ამასთან ჟურნალისტების კითხვაზე იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ორგანიზატორების ჯგუფი დღევანდელ აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, ლევან ჩიტაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ბრალი მიუძღვით აქტივისტებს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან ორგანიზატორები გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იზიარებენ. თუმცა, შეფასების მხრივ ლევან ჩიტაძე აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ გიგი უგულავა და სხვა მაღალჩინოსნები დაცვის გარეშე მოვიდნენ აღელვებულ ხალხში და იმ ადამიანებთან, რომლებიც სწორედ მათი საქმიანობით იყვნენ გაღიზიანებულები, გამოჩნდნენ ღიად, თავისუფლად, ეს უკვე იყო პროვოცირება და აქ გარდაუვალი იყო ინციდენტი და შეხლა-შემოხლა.
ამ წუთებში პოლიციის თანამშრომლები ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობენ გაათავისფლონ ქუჩა და თანდათან ტოვებენ აქციის მონაწილეები, თუმცა რაღაც ნაწილი აქტივისტებისა მაინც რჩება ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე.