კოალიცია

კოალიცია "ერთსულოვნება" პრეზიდენტის რეზიდენციასთან მხარდამჭერების მობილიზებას იწყებს

კოალიცია "ერთსულოვნება" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის წევრებს მობილიზებისკენ მოუწოდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს, 21:00 საათზე "ერთსულოვნება" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს.
20.00 საათზე კი პრეზიდენტი რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება.

პრეზიდენტი მოხსენებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნდა გამოსულიყო, თუმცა ამის საშუალება მას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა არ მისცეს. მათ დაბლოკეს შენობის ცენტრალური შესასვლელი და ბიბლიოთეკაში შესვლის უფლება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა არავის მისცეს, მათ შორის თბილისის მერს გიგი უგულავას და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. რამდენიმე მათგანს დემონსტრანტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ადგილზე მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დემონსტრანტებს დაშლისკენ და პრეზიდენტის პატივისცემისკენ მოუწოდა. ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ გამოიყენეს შსს-ს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კორიდორი და ისინი კონფლიქტში შევიდნენ დემონსტრანტებთან.