ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვერ იქნებიან სააკაშვილისთვის იმის გარანტიის მიმცემები, რომ მისი უსამართლო რეჟიმის შედეგად დაჩაგრული ადამიანებს ვერსად შეხვდება.
როგორც ბესელიამ "ინტერპრესნისს" ეროვნული ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა, "კარგი იქნება, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" დაფიქრდება, რამდენად დიდია იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც მათი უსამართლო რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ".
"ჩვენი ხელისუფლება, ბუნებრივია, იღებს პასუხისმგებლობას, რომ დაცული იყოს მოსახლეობის უსაფრთხოება, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას, იყოს წესრიგი, მაგრამ იმავდროულად ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მოქალაქეთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გამოხატვის თავისუფლების შესახებ. არ მიკვირს, მიხეილ სააკაშვილს თავის უსამართლო და ძალადობრივი მმართველობის შედეგად რომ ჰყავს მასზე გამწარებული, მის მიმართ ძალიან აგრესიულად განწყობილი ადამიანები. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები, რომელთაც სააკაშვილმა ქვეყნის მოღალატეები და მტრები ეძახა და მათ ალბათ აქვთ ბუნებრივი პროტესტი", - აცხადებს ეკა ბესელია.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ყველას სიმშვიდის, წესრიგის და კანონის დაცვისა და პროტესტის არაძალოდბრივი მეთოდებით გამოხატვისკენ მოუწოდებს.