საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებული არეულობის გამო, მოსახლეობას წლიური მოხსენებით, ბიბლიოთეკის ნაცვლად, პრეზიდენტის სასახლიდან მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო განცხადება ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. "სამწუხაროდ, სახეზეა პროვოკაცია. ჩვენი ვარაუდით, ეს მართული პროვოკაციაა. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან. პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს და მისი გადაწყვეტილებით, დღეს მიმართვა გაკეთდება პრეზიდენტის სასახლიდან 20:00 საათზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, მდგომარეობა საკმაოდ რთულია და გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. "ალბათ ბევრს ახსოვს, როგორ იწყებოდა სამოქალაქო ომი. არ გვინდა ეს განმეორდეს, სისხლისღვრა ან ნებისმიერი ძალადობა შედგეს, ამიტომ ვინაცვლებთ პრეზიდენტის სასახლეში, სადაც გაკეთდება მიმართვა. იქ ყველა ადამიანს ექნება საშუალება, პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვას", - განაცხადა მანჯგალაძემ.