ეროვნულ ბიბლიოთეკაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც იმყოფება , ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენების კომენტირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
"ინტერპრესნიუსსმა" რამდენიმე ელჩთან გასაუბრება სცადა, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ კომენტარებს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთთან პირად საუბარში ჰყვებიან, რომ შენობაში შემოღწევა გაუჭირდათ.
საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ეროვნული ბიბლიოთეკის იმ დარბაზში, სადაც პრეზიდენტის გამოსვლა უნდა გაიმართოს, ამ დროისთვის თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ.
ასევე, დარბაზში იმყოფება რამდენიმე ექსპერტი, რომელიც პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაზე დასასწრებად მიიწვიეს. პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძეც მივიდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელთან მიმდინარე მოვლენების გაკონტროლებას კი ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია და დაცვის პოლიცია ცდილობს.