როგორც ჩანს, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო დარჩა ოთხშაბათს გამართული დებატებით და მას აღარ სურდა იგივე სურათის ხილვა დღეს პარლამენტში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.
"ბიბლიოთეკასთან არის ხალხი, რომლებიც შეიარაღებული არიან სხვადასხვა გასტრონომიული პროდუქციით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თუ რა პოლიტიკური შეგნების ძალაა დღეს საქართველოს ხელისუფლებაში მოსული", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთ ლიდერს, სერგო რატიანს მისი თქმით, უმრავლესობამ თავი აარიდა პრეზიდენტთან შეხვედრას და დებატებს. მიუხედავად ამისა, როგორც რატიანი აცხადებს, პრეზიდენტი შეასრულებს თავის მოვალეობას და წარსდგება ყოველწლიური ანგარიშით ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
"ჩვენ გვესმის, რომ დღეს იგეგმება პროვოკაციები, საქართველოს ახალი ხელისუფლება ბევრი რამისგან ირიდებს თავს და პასუხისმგებლობას, მაგრამ დღეს უნდა ვთქვათ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა", - აღნიშნა სერგო რატიანმა.