ფრაქცია

ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისი" სოლიდარობას უცხადებს ირინა ენუქიძის სახელობის ქუჩის არსებობას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისი" სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებისათვის ცნობილ იმ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს , რომლებიც თბილისში, ვარდების მოედანზე, ირინა ენუქიძის სახელობის ქუჩის არსებობას მოითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისიდან" აცნობეს, აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილის პირველი ინიციატივა იყო საკრებულოში, თუმცა უშედეგოდ.

ფრაქციის განცხადებით, შესაბამისი კომისიის შემოსულ პასუხში აღნიშნულია, რომ ქუჩისათვის სახელის მინიჭება მხოლოდ ადამიანის გარდაცვალებიდან 20 წლის გასვლის შემდეგაა შესაძლებელი. 20 წლიანი ვადის გარეშე კი თბილისის რომელიმე ქუჩისათვის სახელის მინიჭება პრეზიდენტისა და ქალაქის მერის პრეროგატივაა.

"ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად კასტრირებულია საკრებულოს უფლებები, თუ დედაქალაქში გიგი უგულავას უკითხავად ქუჩისათვის სახელის მინიჭების უფლებაც კი არ აქვს, თუმცა არც საკრებულოს ამჟამინდელი უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" სახით ამ საკითხით არ დაინტერესებულა და მხარდაჭერაც შესაბამისად ნაკლები იყო. გასული წლის 7 დეკემბერს ამავე ინიციატივით მივმართე პრეზიდენტსა და ქალაქის მერს გიგი უგულავას, თუმცა უშედეგოდ. მაშინ როცა, გიგი უგულავასაც და მიხეილ სააკაშვილსაც ეს უფლება არაერთხელ აქვთ გამოყენებული, თუნდაც ჯორჯ ბუშისა და ლეხ კაჩინსკის შემთხვევაში. როგორც ჩანს მათთვის და თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობისათვის", "სამართლიანობისათვის მებრძოლი ქალის" სიმბოლოდ ქცეული ირინა ენუქიძის სახელი არ აღმოჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი და დღემდე უფრთხიან ამ სახელს", - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისის" თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი.