მიშა არ წავიდა პარლამენტში, სამაგიეროდ წავიდა ბიბლიოთეკაში, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის დღეს დაგეგმილი გამოსვლის შეფასებისას.
"მიშა არ წავიდა პარლამენტში, სამაგიეროდ წავიდა ბიბლიოთეკაში, მაგრამ საკითხავად არა. მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალია. მიშა – მეტყველია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა.
როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან, როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.
აღნიშნულის შემდეგ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.