ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბარიერი 1 ან 0,67%-მდე უნდა შემცირდეს.
ზურაბ ხარატიშვილმა დღეს ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნო. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემა მხოლოდ პროპორციული უნდა იყოს და ასევე გაუქმდეს საარჩევნო ბლოკის შექმნის წესი.
ხარატიშვილი მიიჩნევს რომ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის 50 000 ლარიანი დეპოზიტი უნდა დაწესდეს, რომელიც მათ ხმების 0.5% მიღების შემთხვევაში დაუბრუნდებათ.
ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს კენჭისყრის დღის პროცედურებიც, ხოლო მარკირების, ჟურნალის წარმოების და ნაკვეთურების გაკეთების პროცედურები უნდა გაუქმდეს. უცხოეთში ხმის მიცემა კი, გადასატანი ყუთით უნდა იყოს შესაძლებელი.
რაც შეეხება ამომრჩეველთა ერთიან სიას, ხარატიშვილის თქმით, სიები უნდა მომზადდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ იმავე უფლებამოსილებით, რაც გააჩნდა სიების დაზუსტების კომისიას.