პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანი პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლის ჩაშლაა.
"ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტი არ აპირებს ამ შეხვედრის გადადებას და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც აპირებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, მთელი პასუხისმგებლობა პროვოკაციაზე რომელიც იგეგმება, მთავრობას და პირადად პრემეირ-მინისტრს დაეკისრება, რომელიც არის ამ აქციის ორგანიზატორი.
ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა რომ სამწუხაროდ, სწორედ პრემიერის მითითებით პარლამენტმა არ მისცა საშუალება მიხეილ სააკაშვილს მიემართა პარლამენტისა და ქვეყნისთვის, რითაც პარლამენტი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მთავარი არსი ამ შეხვედრისა იყო ხალხისადმი მიმრთვა და გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს არ მიეცა საშუალება პარლამენტში გამოსულიყო, შეხვედრა გაიმართება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მისი თქმით, დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვა. მისივე ცნობით, შეხვედრას დაესწრებიან ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატებიც.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დღეს არის დაგეგმილი. ამასთან, ბიბლიოთეკასთან ყოფილი პოლიტპატიმრები აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ შენობაში მიხეილ სააკაშვილის შეშვებას არ აპირებენ.