ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მთავარ პროკურატურას აჭარის უმაღლესი სარჩევნო კომისიის (უსკო) წევრებზე ზეწოლის ფაქტების შესწავლას სთხოვს.
ამის შესახებ ხარატიაშვილმა დღეს "For.ge"-ს პრეს-კლუბში განაცხადა.
როგორც ხარატიაშვილმა აღნიშნა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც არსებითად ცვლის უსკო-ს დაკომპლექტების წესსა და უფლებამოსილების ვადას. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებით უსკო-ს ექვს მუდმივ წევრს უფლებამოსილება უწყდება.
"ის ფაქტი, რომ ცვლილება შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში, თავისთავად საგანგაშო არ არის, მაგრამ მთავარია, როგორ და რატომ გაკეთდა ეს. მითუმეტეს, რომ კანონის დაჩქარებული წესის მიღების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან მომდევნო არჩევნები 2016 წლამდე არ იმართება", - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, კანონის მიღებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა უსკო-ს წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი განახორციელა, რათა მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ. კერძოდ, ცსკ-ის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.
აღნიშნული ფაქტების შესახებ ხარატიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით უკვე მიმართა.
წერილი შესასწავლად საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილსაც გადაეგზავნა.