სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო გადაღებების დაშვებასთან დაკავშირებით არის რიგი ტექნიკურ-პრაქტიკული ხასიათის დეტალები , რომელიც კანონში ან კანონქვემდებარე აქტებით უფრო მკაფიოდ უნდა გაიწეროს, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯეიმს ჰამელტონმა ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტით შემოთავაზებულ სიახლესთან მიმართებაში, რომელიც სასამართლო პროცესებში გადაღებების დაშვებას ითვალისწინებს, პრობლემას ვერ ხედავენ.
"შესაძლოა, საქართველოს დღევანდელი განვითარების ამ ეტაპზე ეს პოზიტიური სიახლეც იყო, თუმცა არის მთელი რიგი ტექნიკური და პრაქტიკული ხასიათის დეტალები, რომლებიც ვფიქრობთ, უფრო მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი კანონში ან კანონქვემდებარე აქტებში", - აღნიშნა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯეიმს ჰამელტონმა.
ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, ასევე პარლამენტის მიერ უკვე მიღებული ამნისტიის კანონი. ამასთან დაკავშირებით თბილისში ვიზიტით მყოფი ჯგუფი ორ დასკვანას მოამზადებს, რომელიც მარტში ვენეციის კომისიას განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი აღნიშნულ ორ საკანონმდებლო სიახლეზე ვენეციის კომისიის ოფიციალური პოზიცია, მისი რეკომენდაციები და შენიშვნები.