საქართველოში ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლის, ჯეიმს ჰამელტონის შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი დემოკრატიული საზოგადოების ნორმებს შეესაბამება, თუმცა მასში პრობლემატური საკითხიც რჩება.
ამ კონტექსტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰამელტონმა პროექტით გათვალისწინებულ იმ ნორმას გაუსვა ხაზი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებულ შემადგენლობას კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება.
"პირადად ჩემი აზრია, რომ ამგვარი წესის შემოღება შესაძლოა, სასურველი არ იყოს და ამ საკითხთან მიმართებაში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მაგრამ, წარმოდგენილი ცვლილებები ერთიანად უნდა იყოს განხილული. არ შემიძლია, არ აღვნიშნო პოზიტიური ასპექტები. კერძოდ ის, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტი აირჩევ,ს ახალი პროექტის მიხედვით უფრო დეპოლიტიზებულია. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლება, დანიშნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრი. უფრო დემოკრატიული ხდება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მოსამართლე წევრების დანიშვნა, კერძოდ ის, რომ კენჭისყრა არის ფარული და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ აქვს იმ კანდიდატების ექსკლუზიურად დასახელების უფლება. ეს ყველაფერი ერთიან კომპლექსში უნდა იყოს განხილული", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯეიმს ჰამელტონმა.
ამასთან, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირადი მოსაზრება, ზოგადად კი დელეგაცია თავს იკავებს წინასწარი რეკომენდაციების და შენიშვნების გამოთქმებისაგან, რადგანაც დასკვნასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება და მარტში, ჰამელტონის თქმით, საერთო სასამართლოებისა და ამნისტიის შესახებ კანონებთან დაკავშირებით ორი დასკვნა განსახილველად და დასამტკიცებლად ვენეციის კომისიას გადაეცემა.
ამასთან, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჰამელტონმა აღნიშნა, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით თბილისში გამართული შეხვედრისას დისკუსიის საგანს წარმომადგენდა, არის კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმა, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და მოსამართლეს აღარ ექნება უფლება, წევრად საბჭოში დანიშნონ სასამართლოს თავმჯდომარეები ან მოადგილეები, კოლეგიების და პალატების ხელმძღვანელი პირები.