წითელ ხიდზე არადეკლარირებული ტვირთი დააყადაღეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, 7 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "წითელი ხიდი" აზერბაიჯანიდან სამგზავრო მიკროავტობუსი, სახელმწიფო ნომრით DBC281 შემოვიდა. მანქანას აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. ეჭვის საფუძველზე საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოხდა ავტომანქანის შესაბამისი დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც სალონში, ე.წ. ტორპედოსა და ასევე, ძრავის განყოფილებაში რამდენიმე სპეციალურად მოწყობილი სამალავი გამოვლინდა. სამალავებში ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი, არადეკლარირებული, სხვადასხვა ავტონაწილი ინახებოდა, კერძოდ: ა/მ ძრავის კბილანაღვედი რეზინის 150 ცალი, ა/მ ბენდექსი 50 ცალი, ა/მ აალებადი სანთლები 67 ცალი, ა/მ ძრავის რგოლი (კოლცო) 10 კომპლექტი(30ცალი), ა/მ ძრავის შუასადები 40 ცალი, ა/მ საკისარი მეტალის 50 ცალი, ა/მ ღვედის დამჭიმი გორგოლაჭი პლასმასის 303 ცალი, ა/მ საჭის ჩამკეტი მეტალის 149 ცალი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონელს ღირებულების დასადგენად ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, საქონლის სატარიფო ღირებულებამ 6977,38 ლარი შეადგინა.