კარტოფილის კიბოთი დაავადებული 25 ტონა კარტოფილი თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე გაანადგურეს.
დაავადებული კარტოფილი რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კარტოფილს მავნე სოკოს დაავადება ჰქონდა, რის გამოც მომენტალურად დაილუქა. შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და დამატებითი ღონისძიებების შემდეგ გადაწყდა, რომ 25 ტონა კარტოფილის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო.
როგორც "ინტერპრესსნიუსთან" საუბრისას კარტოფილის იმპორტიორმა ავთო ზარდიაშვილმა განაცხადა, ის წლებია ახორციელებს თურქეთიდან კარტოფილის იმპორტს, მსგავსი შემთხვევა კი, არასდროს ჰქონია. მან ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა კარტოფილის განადგურებაზე.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა, დავით ქავთარაძემ განაცხადა, კარტოფილის დალუქვაც და ლიკვიდაციაც კანონის დაცვით მოხდა.