სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი გია ალავიძე სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.
"ინტერპრესნიუსისთვის" მომზადებულ წერილში ალავიძე აცხადებს, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს და სამართლიანი სასამართლოს უფლებას იტოვებს, რაშიც მას არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება სჭირდება.
პატიმარი აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით, - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებისთვის გადაღებული ფარული ვიდეოების გავრცელებისთვის არის დაკავებული.
კერძოდ, წერილის მიხედვით, იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების ციხეში თვითნებური ქმედებების შესახებ ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია "მაესტროს" მიაწოდა. "კარდებში ჩანს, თუ როგორ ტოვებენ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები ავჭალის ციხეს", - აცხადებს გია ალავიძე.
წერილის მიხედვით, სწორედ ამას უკავშირდება ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი ოფისის ეზოში აფეთქების ფაქტი, რაზეც ინფორმაციას ფლობს. "განცხადებებით არაერთხელ მივმართე სახალხო დამცველს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს, სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს, მის მრჩეველს ლალი მოროშკინას, საია-ს თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს, "კონსტიტუციის 42-ე მუხლს", "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს, "ჰუმან რაითს ვოჩს". არ ვაპირებ ვისარგებლო ამნსტიით, რომელიც მათავისუფლებს პატიმრობიდან. დაზარალებულების თანხმობის შემთხვევაში მათი თანხმობა არ მჭირდება. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედებებზე, რომლებიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაავალა. მოვითხოვ, მითითებულმა ორგანიზაციებმა მიიღონ სათანადო სამართლებრივი რეაგირებები. ასევე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიადევნოს ყურადღება 2009 წლის 25 მაისს ტელეკომპანია "მაესტროს" ეზოში მომხდარი აფეთქების საქმეზე გამოძიებას და იმავე დღეს გასაჯაროებულ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სასჯელის მოხდის პერიოდში", - აღნიშნულია წერილში.
ამასთან, პატიმარი გია ალავიძე მოითხოვს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას.
"უჩა ნანუაშვილმა საჯაროდ ან წერილობით მაცნობოს ის მიზეზი, თუ რატომ არ მხვდება. 2012 წლის 19 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ვშიმშილობდი, 2012 წლის 21 დეკემბერს ის ბრძანდებოდა დაწესებულებაში ბაჩანა ახალაიას პრობლემის გამო, რომელსაც უტელევიზორობა აწუხებდა, ხოლო ადმინისტრაციის განცხადების მიუხედავად არ ისურვა მოშიმშილე პატიმართან შეხვედრა, რომელსაც უსამართლობა აწუხებდა", - აღნიშნულია წერილში.