ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მისი თქმით, აფხაზეთის ელექსტოენერგიით მომარაგება "ენგურჰესის" ხარჯზე ხდება და არსებული ქსელის მწყობრში მოყვანა საქართველოს მთავრობისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"ამ თემაზე, რა თქმა უნდა, სამსჯელო იქნება და გამოვთქვამთ მზადყოფნას, ეს საკითხი განვიხილოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია ენერგეტიკაზე, პოლიტიკა გვერდით უნდა გადაიდოს.
"ეს წინაპირობა მაშინაც იყო, როდესაც გალის რაიონში ვიმყოფებოდი, სადაც ენგურჰესის აგრეგატები დავათვალიერე. მაშინ შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით და მხოლოდ წმინდა ენერგეტიკულ საკითხებზე ვისაუბრებდით", - განაცხადა კახა კალაძემ.
სააგენტო "აპსნი პრესმა" გაავრცელა კომპანია "ჩერნომორენერგოს" მიმართვა დე-ფაქტო პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და მთლიანად სფეროში მძიმე ვითარებაა. მიმართვას კომპანიის 761 თანამშრომელი აწერს ხელს. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას დარგის შესანარჩუნებლად ზომების მიღებას სთხოვენ.