სახალხო დამცველის აპარატი სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე გაგა მკურნალიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-9 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ბრალდებულ გაგა მკურნალიძეს შეხვდა. მკურნალიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფსიქიკური პრობლემები არ აწუხებს. მისი მტკიცებით, პატიმრობის პერიოდში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, დაკავებისას და შემდგომ მისი უფლებები არ დარღვეულა. მკურნალიძე აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში მას თვითმკვლელობა არ უცდია და არც მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ. დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს. ვიზუალური დათვალიერებით გაგა მკურნალიძეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე დაათვალიერა მკურნალიძის საკანი, სადაც ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ აღმოჩნდა", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებული ბრალდებულ დავით ხუჭუას გაესაუბრა, რომელიც საკანში მკურნალიძესთან ერთად 2012 წლის ოქტომბრიდან იმყოფება.
"ხუჭუას განცხადებით, მკურნალიძისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუნიშნავს და ადასტურებს, რომ მკურნალიძეს თვითმკვლელობა არ უცდია", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-9 დაწესებულების მთავარ ექიმს ერეკლე მურჯიკნელს შეხვდა, რომლის განმარტებით, გაგა მკურნალიძეს სუიციდის მცდელობა არასოდეს ჰქონია და აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტურია.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-9 დაწესებულების დახურული ტიპის განყოფილების უფროსს ვახტანგ დოლიძეს შეხვდა, რომლის განმარტებით, გაგა მკურნალიძეს პატიმრობის პერიოდში თვითმკვლელობა არ უცდია და მასთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მის საკანში ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ამის აუცილებლობა.
"ვიზიტის შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულმა შესაბამისი ოქმი შეადგინა, თუმცა გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. მათ მიზეზი არ დაასახელეს", - ნათქვამია განცხადებაში.