საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციას სთავაზობს. ამ მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებები სამეწარმეო, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებასთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტშია ასახული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, მის ამოქმედებისთანავე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი ან შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები და არ განხორციელდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ადმინისტრაციული ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სამართალწარმოება. პროექტის გათვალისწინებით, მაკონტროლებელ და სამართლდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ ზემოთაღნიშნულ გადასახდელებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით რევიზიის (კონტროლი, შესწავლა, გადამოწმება) განხორციელება.
რაც შეეხება დაფარული ქონების (შემოსავალი) დეკლარირება-ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაცია მის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების გზით განხორციელდება. კერძოდ, პირი უფლებამოსილია კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საგადასახადო ორგანოებში საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია წარადგინოს.
ქონებრივ დეკლარაციაში აისახება დეკლარაციის შევსების მომენტისთვის პირის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა, დაფარული ქონების (შემოსავლის) ჩათვლით. პროექტში წერია, რომ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს და მასზე გადასახადის გადამხდელთა შესახებ მონაცემთა საიდუმლოების დაცვის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება. კანონპროექტითვე, საგადასახადო ორგანო დეკლარაციას წარდგენისთანავე რეგისტრაციაში ატარებს და დეკლარანტს დეკლარაციის დამოწმებულ ასლს და შესაბამის ცნობას უკან უბრუნებს.
პირის ქონებრივი მდგომარეობის ლეგალიზაციისას დეკლარაციის ასლის დამოწმება, დეკლარაციის რეგისტრაციში გატარება და აღნიშნულის შედეგად გაცემული შესაბამისი ცნობა ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის დაფარული ქონების (შემოსავლის) ლეგალიზაციის საფუძველს და დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს.
პროექტის გათვალისწინებით, ლეგალიზებულ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსრულებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები 2013 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით შესრულებულად ითვლება. ამასთან, მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად ლეგალიზებული ქონებრივი მდგომარეობის, მათ შორის დაფარული ქონების (შემოსავალი) ნებისმიერი ფორმით რევიზია - კონტროლი შესწავლა, გადამოწმება.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმას, მასში შესატან აუცილებელ მონაცემებს, დეკლარაციის რეგისტრაციისა და შესაბამისი ცნობის ფორმას და გადაცემის წესს, იმ უფლებამოსილ ორგანოთა ჩამონათვალს, რომელშიც დეკლარაციის წარდგენა იქნება შესაძლებელი, ნორმატიული აქტით მთავრობა განსაზღვრავს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული სამეწარმეო-ფინანსური ამნისტირების ფარგლებში საინტერესოა კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში ჩანაწერი, რომელშიც ვკითხულობთ: "შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ამ კანონით გათვალისწინებულ პირთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან სამი დღის ვადაში გაანადგურონ ან დეკლარანტს უკან დაუბრუნონ ამავე პირთა მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი და შესაბამის დაწესებულებებში არსებული (შენახული) მათივე დეკლარაციები და შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. დეკლარანტს ასევე უფლება აქვს გაანადგუროს მის ხელთ არსებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია".
ამასთან, "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციტივით, რომ შეწყდეს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. პროექტის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნასამართლეობაც მოეხსნებათ. ამნისტირება არ გავრცელდება ძირითადი ან დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებულ იმ ჯარიმებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე აღსრულებულია.
ამასთან, კანონის მოქმედება, პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, არ გავრცელდება პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) ისეთი დანაშაულებრივი გზით დააგროვეს, როგორიცაა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებულ მოხელეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე.