ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო ბრალდებაზე - სამსახურებრივ გულგრილობაზე სასამართლო დღეს უნდა დასრულდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ დღეს ჩანიშნულ პროცესზე პროკურატურა ბრალდებას მოხსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს მოითხოვენ.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესის ფარგლებში, უფლისციხის სამხედრო ბაზაზე ნივთმტკიცებები – კერძოდ, ის ვაზნები დაათვალიერეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ფუჭია და ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდშია შეძენილი.
ოქრუაშვილს აღნიშნულ ბრალდებაზე 63 მილიონი ფუჭი ვაზნის შეძენას ედავებიან. საქართველოში დაბრუნებისას ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 4 ეპიზოდში ედებოდა. მას 3 ბრალდება პროკურატურამ უკვე მოუხსნა.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.