საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ახალ ხელისუფლებას დიპლომატიის მთავარი წესის – გაჩუმების ხშირად გამოყენებას ურჩევს.
ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში ვაშაძემ ახალი მთავრობის წევრები ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო გააკრიტიკა.
"ქართულ ოცნებაში" საკმარისი რაოდენობაა პროფესიონალების, რომლებსაც შეუძლიათ შეიკრიბონ და ვიზიტები უკეთესად მოამზადონ, რადგან არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, როცა ერთ პრესკონფერენციაზე კეთდება განცხადება და შემდეგ ხდება ამ განცხადებაზე უარის თქმა. დიპლომატიაში მარტო ის კი არ უნდა იცოდე, როდის რა თქვა, მთავარი წესია იცოდე, როდის გაჩუმდე და დასაწყისისთვის, როცა ახალი ხელისუფლება მოდის, რაც შეიძლება ნაკლებია საჭირო საზოგადოებრივი ღონისძიებები, პრესკონფერენციები", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა კონკრეტულ მაგალითად აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა, ზოგადად, ინიციატივას კი "ნაღმზე სიარული" უწოდა.
"პიროვნებებზე ნუ ვილაპარაკებთ, ვილაპარკოთ პრობლემებზე. არ შეიძლება როცა ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ რკინიგზის გახსნა არის აუცილებელი, ცოტა ხანში კი იგივე წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს წინადადება მაგიდიდან აღებულია, რადგან მას რუსეთმა თუ აფხაზეთმა წინააღმდეგობა გაუწია. შემდეგ ისევ გამოჩნდა, რომ რკინიგზის თემატიკა გრძელდება, ერევნიდან კი ვიგებთ, რომ საკითხი უკვე ტექნიკური დეტალების შეთანხმების სტადიაშია. ჩემი მოსაზრებით, ჩვენ დავდივარ დანაღმულ მოედანზე ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე, რატომ ვაკეთებთ ამას!", - დასძინა ვაშაძემ.