თურქეთიდან შემომავალი კიბოთი დაავადებული კარტოფილით სავსე კონტეინერი სარფის საბაჟოზე ევროკავშირის მიერ დამტკიცებული რისკების პროგრამით, მონიტორინგს დაექვემდებარა , - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტვირთის მონიტორინგს შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტო-სანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველო ახორციელებს.
სამმართველოს თანამშრომლებმა საბაჟო პროცედურების სრული დაცვითა და მონიტორინგის გეგმის თანახმად უკვე აიღეს კარტოფილის სინჯები და სპეციალურ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ამასთან, ინფორმაცია მიეწოდა სურსათის უვნებლობის სამსახურსაც. კარტოფილის კიბო საკარანტინო დაავადებაა. ამჟამად ტვირთი დაყადაღებულია და განადგურებას ექვემდებარება.
სარფის საბაჟოზე დაავადებული კარტოფილის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გაახმაურა. მისი განცხადებით, ფაქტის შესახებ იმპორტიორ ქვეყანას ეცნობება.
ამასთან, როგორც კირვალიძემ განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, სურსათის უვნებლობის კოდექსში ცვლილებებს ამზადებს, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპრაკებისას ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მისივე თქმით, სააგენტომ რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, როდესაც ბაზარში საქონლის ხორცის ნაცვლად ვირის და ცხენის ხორცი შედიოდა.