საპარლამენტო უმრავლესობა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ უმცირესობაზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის მიუღებელია ის ცინიკურ განცხადება, თითქოს რაც მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირებით მოხდა, არის ჩვეულებრივი ამბავი და "თურმე ის არის თავისუფალი ადამიანი".
"თავისუფალი კი არ არის, არამედ ის არის ზეწოლის ქვეშ. მას სწორედ თავისი ოჯახის უსაფრთხოებით აშანტაჟებენ. სწორედ ამიტომ არ არის ის პარლამენტის დარბაზში დღეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ დარბაზშია, თქვენს ზეწოლას დაექვემდებარება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ის არ დაუჭერს ამ კონსტიტუციურ ცვლილებას მხარს, როდესაც მისი კოლეგების მიმართ ასეთი ზეწოლა ხორციელდება და უმცირესობის მიმართ ულტიმატუმები ისმის.
"არ ამომიღია ერთი სიტყვაც ამ ტრიბუნიდან ჩემი კოლეგების მისამართით, რომლებიც გავიდნენ უმცირესობიდან არჩევნების შემდეგ. თუმცა, როგორ გგონიათ, რომელი არის თავისუფალი არჩევანი, რომელსაც მე მივიღებ თუ კახა ოქრიაშვილი, რომელსაც ეს ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის ხელშეუხებლობაზე ზრუნვამ გადაადგმევინა", - განაცხადა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას, რომ კონსტიტუციაში დიქტატურაა ჩაწერილი, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ანალოგიური კონსტიტუცია აქვს ხორვატიას და ბულგარეთს და აქედან გამომდინარე, მან შეკითხვა დასვა - არის თუ არა ეს ქვეყნები დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების?!.
უმცირესობის წევრს მკაფიო პოზიციის გამოხატვისთვის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა. "ძლივს მოვისმინეთ მკაფიო პოზიცია და ამისთვის მადლობას ვუხდი პალიკო კუბლაშვილს", - განაცხადა უსუფაშვილმა.