იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდა.
წულუკიანმა მართლმსაჯულების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით დელეგაციის წევრების - ჯეიმს ჰამილტონის, ნიკოლა ესანუსა და შარლოტა დებროუტესის მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რამაც ექსპერტების ინტერესი გამოიწვია. თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააცნო და ექსპერტების კითხვებსაც უპასუხა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს ამნისტიის შესახებ კანონი, შედარებით ვრცლად ისაუბრეს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ და დეტალურად იმსჯელეს საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას გულისხმობს.
"ექსპერტები მიესალმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციას, პოზიტიურად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებს შეუნარჩუნდებათ უმრავლესობა, რაც ჩვენი ურყევი პოზიციაცაა და ახალი წესით მოხდება მოსამართლეთა კონფერენციისათვის უფლებამოსილების მინიჭება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საბოლოო დასკვნას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მარტში წარმოადგენს. ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას კანონპროექტების პაკეტი, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოემბრის ბოლოს გადაეგზავნა.