პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრ ტარიელ ლონდარიძის გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.
უმრავლესობის წევრების გაღიზიანება ლონდარიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მასზე ზეწოლას შეეხებოდა.
"საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად დამემუქრა ტელევიზიიდან. დაემუქრა ჩემს მომავალს, ჩემს შვილებს, ჩემს ცოლს. მე, რომელმაც 14 წლის ასაკში ჩავიცვი ფორმა, 20 წელი გავატარე შეიარაღებული ძალების რიგებში, მოვიარე აფხაზეთი, ვიბრძოდი 2004 წელს, ვიბრძოდი 2008 წელს, დავით საგანელიძე არ უნდა მასწავლიდეს ჩემს შვილებს ჩავხედავ თვალებში თუ არა. გაფრთხილებთ, პირი გამოირეცხოთ", - მიმართა ლონდარიძემ უმრავლესობის წევრებს.
მისივე განმარტებით, ზეწოლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პროკურატურას მის მიმართ, როგორც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიმართ შეკითხვები სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ის წევრის სტატუსით ჩაერთო.
"მე ვარ იმ კომისიის წევრი, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებეს განიხილავდა. როგორც ცნობილია, ვმსახურობდი თავდაცვის სამინისტროში, ყოფილი მინისტრის მიმართ კი კითხვები არსებობს. სწორედ მაშინ, როცა კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა დაიწყო, პროკურატურას კითხვები გაუჩნდა ჩემთანაც. ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ ჩემზე ზეწოლა მოხდეს. თქვენ გჭირდებათ ისეთი ტარიელ ლონდარიძე, პოლკოვნიკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თითის ქნევით მიაჭერს წითელ თუ მწვანე ღილაკს. მე არ ვაპირებს არც სააკაშვილის გამო ვაჭირო ღილაკს თითი და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის გამო", - აღნიშნა ლონდარიძემ.
მისი ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის უმრავლესობის წევრებსა და ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელშიც მალევე უმცირესობის წარმომადგენლებიც ჩაერივნენ. ინციდენტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე შეუძლოდ გახდა, თუმცა, ექიმის დახმარება არ დასჭირდა.