ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ უმცირესობის დეპუტატებს, არამედ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც ემუქრება, - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების" თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე პრემიერის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მათ შორის გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულს.
"თურმე ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა იმიტომ კი არ სჭირდება, რომ ეს ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ კონტროლი კარგად განახორციელოს პარლამენტზე. განუმარტეთ მას, რომ პარლამენტი ახორციელებს კონტროლის მთავრობაზე და არა პირიქით, პრემიერ-მინისტრი პარლამენტზე. საოცარი იყო, როცა ქუთაისში ჩამოვიდა და თქვა, რომ თურმე უმრავლესობას კარგად არ ესმის მისი განცხადებების. მან თქვა, რომ "ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება ქვეყანასო" და ეს დებატები, რომელსაც ახლა აწყობთ, რეალურად მხოლოდ პრობლემებისგან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად მოწყობილი შოუა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს თითოეულ დეპუტატზე ზეწოლისათვის სჭირდება. ის თქვენ ოცნებასაც კი გიკრძალავთ. ლაპარაკსაც კი გიკრძალავთ პარტიაში, თუ როგორი პოზიცია უნდა გქონდეთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით", - მიმართა ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
აკაკი ბობოხიძე ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტს მთავრობის დაშლის და გაშვების შესაძლებლობა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაშიც რჩება და ერთადერთი, რასაც პრეზიდენტი ვერ შეეხება, ბიძინა ივანიშვილია.