საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საია-ს ცნობით, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 16 585 427 ლარი გამოიყო, საიდანაც თანხის ნაწილის, კერძოდ - 4 973 773 ლარის გამოყოფა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, ხოლო დარჩენილი 11 611 654 ლარის გამოყოფა ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდზე მოდის.
"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 2 473 773 ლარი კანადური ავიაკომპანია "კენ ბორეკ ეარსა" და შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაფარვის ასანაზღაურებლად იყო გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ განკარგულება, რომლის საფუძველზეც კანადურ ავიაკომპანიასა და შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის #1364 განკარგულებაში ცვლილების შეტანის მიზნით იქნა მიღებული, თუმცა, საქართველოს მთავრობის 13 ივლისის #1364 განკარგულება, განსხვავებით მთავრობის სხვა განკარგულებებისგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების მიმოხილვით ანგარიშში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
ასევე, საია-ს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სარეზერვო ფონდიდან 1, 500 000 ლარი გამოიყო საფეხბურთო კლუბ "დილასთვის", ხოლო 1 000 000 საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის მხრიდან ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი - 2 213 790 ლარი საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და პედაგოგების მატერიალური წახალისების მიზნით იყო გამოყოფილი.
"მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო ასევე, 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების (2 157 600 ლარი), ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (2 150 000 ლარი) და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ხარჯების დაფარვის მიზნითაც (2 000 000 ლარი). საარჩევნო კამპანიის დაფინანსების პირობად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება იქნა მიჩნეული და შესაბამისად თანხები ორ საარჩევნო სუბიექტს: - "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" (1 000 000 ლარი) და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" (1 000 000 ლარი) გამოეყოთ", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია აცხადებს, რომ კვლავ აპირებს, გააგრძელოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისად, პერიოდულად საზოგადოებისთვის მიწოდება.
ამასთან, საია კიდევ ერთხელ მიუთითებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმის პრობლემურობაზე, რაც სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფისთვის საჭირო სათანადო სამართლებრივი რეგულაციების არ არსებობაში გამოიხატება და გამოთქვამს მზადყოფნას საკანონმდებლო რეგულირების დახვეწის მიზნით აქტიურად ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებსთან.