სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას პასუხობს.
კირვალიძის განმარტებით, მანდარინის მოსავალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო. მინისტრის თქმითვე, აჭარის რეგიონში მოსახლეობის მიერ მანდარინის გადაყრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც მთავრობა მტკიცდება 25 ოქტომბერს, იწყებს შრომას, ის რომ მანდარინის მოსავალი სწორად დაბინავებულიყო და ხელშეწყობა ჰქონოდათ, ის რომ ხარისხიანი პროდუქტი ჰქონოდათ ნოემბერში უნდა დაგვეწყო მუშაობა?! როგორ წარმოგიდგენიათ, სოფლის მეურნეობა ხომ მანქანა არ არის, დაქოქო და წახვიდე. ეს ყველაფერი უნდა დაწყებულიყო გაზაფხულზე, ისე როგორც ახლა იწყებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რათა აქედანვე მოხდეს სამზადისი", - აღნიშნა კირვალიძემ.
მისივე თქმით, როდესაც არასტანდარტული პროდუქტის მოცულობა 10%-ს აღემატება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოვლის დროს დაშვებულია შეცდომები და რაც არა მარტო უცოდინრობასთან, არამედ თანხების არქონასთან არის დაკავშირებული. მინისტრის განმარტებით, არასტანდარტული პროდუქტი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ხოლო პროდუქტის ჩასაბარებელი ადგილი მხოლოდ ქობულეთში იყო განთავსებული.
"მე ვნახე სხვა ფერმერები, რომლებსაც დღესაც შენახული აქვთ ე.წ. სუპერი. ელოდებიან მარტს, როგორც თვითონ ამიხსნეს სარვამარტოდ ჩამოდიან განსაკუთრებული მყიდველები ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ელოდებიან, რომ დაახლოებით 2 ლარის ფარგლებში მოახდენენ რეალიზაციას, არ ყიდიან ჯერ რადგან თავიანთი გამოცდილებით ამბობენ, რომ ეს სეგმენტი იქნება ათვისებული სარვამარტოდ", - აღნიშნა კირვალიძემ.