სამეწარმეო, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერად შეთავაზებული წინადადება პრეზიდენტმა პარლამენტს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარუდგინა.
"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" - ასე ეწოდება პრეზიდენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეწყდეს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან, რომლებმაც 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
კანონის მოქმედება, მისი მიღების შემთხვევაში, არ გავრცელდება პირებზე, რომლებმაც შემოსავალი (ქონება) ისეთი დანაშაულებრივი გზით დააგროვეს, როგორიცაა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, ტერორიზმი, ტრეფიკინგი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულები, ასევე არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებულ მოხელეებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე. პროექტის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეხსნებათ.
პრეზიდენტის ამ ინიციატივის ფარგლებში ასევე დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და დაფარული ქონების (შემოსავლის) დეკლარირება-ლეგალიზაციის წესები.