ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტზე ხობის გამგეობის მიერ დაფუძნებული შპს-ს "ხობის დასუფთავება და განათება" დირექტორი ნუკრი წოწონავა დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ წოწონავამ საახალწლო ნაძვისხის და განათების აქსესუარების შეძენის მიზნით, ინდმეწარმე "დავით ადონია"-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც ბიუჯეტიდან 21 731 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებდა. წინასწარი გარიგების საფუძველზე ი.მ. "დავით ადონიამ" გახარჯა 13 731 ლარი, ხოლო დარჩენილი 8 000 ლარი გადასცა ნ. წოწონავას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებულს აღნიშნულ ხელშეკრულებაში ხარჯთაღრიცხვა ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.