ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების" თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის ვარაუდით, დაახლოებით ორ თვეში თბილისის საკრებულოს ახალი უმრავლესობა ეყოლება. როგორც ზუმბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოსალოდნელია მოქმედი უმრავლესობის - "ნაციონალური მოძრაობის" რღვევა, რისი ნიშნებიც სახეზეა.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი უმრავლესობა დაკომპლექტდება, არ გამოირიცხება, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად "ქრისტიან-დემოკრატების" ყოფილი წევრის, ჯაბა სამუშიას კანდიდატურა განიხილონ.
"ამჟამად თბილისის საკრებულოში 47 დეპუტატია, მათგან 17 ოპოზიციაშია, დანარჩენი კი, უმრავლესობის სახით "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში ირიცხება. ზაზა გაბუნიას და ჯაბა სამუშიას "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გასვლა ვითარებას რეალურად არ ცვლის, რადგან ისინი აქამდეც ოპოზიციაში იყვნენ და, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი "ქართული ოცნების" რომელიმე ფრაქციაში გაწევრიანდებიან, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას მაინც არ კარგავს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა შეიძლება დაკარგოს მხოლოდ მაშინ, თუკი მისი რღვევა დაიწყება და ეს მოსალოდნელიც არის. ახალი უმრავლესობის შექმნა ნამდვილად დგას დღის წესრიგში, თუმცა ეს პროცესია და უცებ არ მოხდება. ამ საქმეს ერთ-ორი თვე მაინც დასჭირდება. შესაბამისად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის საკითხი ჯერ არ განიხილება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული ინფორმაცია გამართლდეს და ჯაბა სამუშია ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი იყოს", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობა" 5-მდე დეპუტატმა შეიძლება დატოვოს.
"ჯერჯერობით გამოკვეთილად არის საუბარია 3-5 კაცზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ციფრი არ იქნება. ახალი უმრავლესობის შესაქმნელად ოპოზიციის 17 კაციან შემადგენლობას 24-25 დეპუტატამდე სჭირდება. 7 ადამიანი პრობლემა არ იქნება, ჩემი ვარაუდით 10 კაციც კი მოგროვდება", - აღნიშნა ზუმბაძემ.
ამასთან, ქდმ-ს ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ დღეს დაადასტურა, რომ ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია საკრებულოს ახალი უმრავლესობის ფორმირებაში გეგმავენ მონაწილეობას.