სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის მთავრობა , რომელსაც წარმოადგენს USAID-ი, გამოხატავს სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილს. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID სასჯელაღსრულების სისტემაში შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობასა და პრევენციას შეუწყობს ხელს.
როგორც მინისტრმა განმარტა, პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ პატიმრების დახმარებაც, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდებიან აღნიშნული დაავადებების პირობებში და მათი მკურნალობა გაგრძელდება.
"მემორანდუმი გამოხატავს ურთიერთგაგებას მონაწილეებს შორის, რათა მხარი დაუჭირონ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აივ ინფექციის გავრცელების პრევენციისკენ, სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებით და საპატიმროებში მაღალი რისკჯგფებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული აივის შემდგომი გავრცელება და შემცირდეს აივ ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი ინფორმაციით, წლების განმავლობაში პატიმრების სიკვდილიანობა სწორედ ტუბერკულოზით იყო გამოწვეული და პატიმრებს არა თუ მისი პრევენცია, არამედ სათანადო მკურნალობაც კი არ უტარდებოდათ.