ცენტრალური საარჩევნო კომისია უსკო-ს დაკომპლექტების წესის შეცვლას დემოკრატიული განვითარებისთვის ზიანის მომტანად მიიჩნევს.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის ღია წერილშია ნათქვამი, პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ ემსახურება და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას.
ამიტომ ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"მოგმართავთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 29 იანვარს, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, მიიღო კანონი, რომელიც არსებითად ცვლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების ვადას. დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავებით, კანონი მიღებულ იქნა ნაჩქარევად, საარჩევნო ადმინისტრაციის და სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ავტორიტეტული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე.
ასევე, ჩვენთვის ცნობლი გახდა, რომ კანონის მიღებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა განახორციელა ზეწოლა და შანტაჟი უსკო-ს წევრებზე, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ თანამდებობები. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასეთი პროცესი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას. მით უმეტეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე მხარეების მიერ დადებითად არის შეფასებული, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლამდე არ იმართება.
ზემოთთქმულთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ მოახდენთ აღნიშნული საკითხის შეფასებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას რათა არ განმეორდეს დემოკრატიული განვითარებისათვის ზიანის მომტანი ამგვარი პრეცედენტი", - ნათქვამია ზურაბ ხარატიშვილის ღია წერილში, რომლის ადრესატები მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი არიან. წერილის ასლი საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილსაც გაეგზავნა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის(უსკო) დაკომპლექტების შესახებ კანონი 29 იანვარს მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უსკო და მისი თავმჯდომარე 6 წლის ვადით აირჩევა. ამასთან, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები - უვადოდ, ხოლო თავმჯდომარე მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა.