აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, ჯეიმი მაკგოლდრიკს შეხვდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მდინარე ენგურზე საავტომობილო ხიდის რეკონსტრუქცია განიხილეს.
როგორც ჯეიმი მაკგოლდრიკმა შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული ხიდის აღდგენის პროექტი შეჩერებული იყო ჯერ საქართველოში არსებული პოლიტიკური მოვლენების, შემდეგ კი უამინდობის გამო.
გაერო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ხიდის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ისევ დგას და მას სურდა ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისგან მოესმინა.
ე.წ. პრეზიდენტმა შეხვედრაზე დაადასტურა, რომ საჭიროა არა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება, არამედ მთლიან ხიდზე. ალექსანდრე ანქვაბის თქმით, თუ ხიდი ჩაინგრევა, ეს პრობლემას არა მარტო მათ შეუქმნით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ხიდის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.