სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა ხაშურის გამგეობის შესასვლელის პიკეტირება სცადეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ხაშურის ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი 30-მდე ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბინებით უზრუნველყოფას ითხოვს.
ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არსებული ინფორმაციით, ლტოლვილთა სამინისტროს უნდა გადაეცეს.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობა უსახლკაროა და ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შეჭრამდე ნათესავებთან, ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობდნენ.
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი აქციის უკან გარკვეული ძალა იდგეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სულ მალე დაიწყება სოფლად არსებული სახლების და მიწის ნაკვეთების შესყიდვა. მისივე თქმით, ეს ქონება იქნება მუნიციპალიტეტის ბალანსზე, თუმცა სარგებლობაში უსახლკაროებს გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტის შენობასთან მისულ სოციალურად დაუცველებს ხაშურის გამგებელიც შეხვდა. გოგი ბერაიას თქმით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხაშურში არსებული გამოთავისუფლებული ფართების რემონტი იგეგმება და უსახლკაროებს ამ შენობებშიც შეასახლებენ.