ჩვენს უწყებაში განსაკუთრებული შეცდომები დაშვებული არ ყოფილა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიცია"-ში 100 დღიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა .
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის გაუქმდა კუდ-ი და სოდ-ი, ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და ანტიკორუფციული სააგენტოები. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ეთიკის კოდექსისა და სამინისტროს განვითარების სტრატეგიასაც და აშშ-ს სტრატეგიაზე მუშაობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"განვახორციელეთ გარკვეული საკადრო ცვლილებებიც, თუმცა, ვფიქრობ, სიტუაცია დალაგდა და კარგად გავართვით თავი იმ გამოწვევებს, რომელიც დაგვხვდა. ჩვენს უწყებაში 42 000 თანამშრომელი მუშაობს. 400 ადამიანი საკუთარი პატაკის საფუძველზე წავიდა სამინისტროდან. ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად საკადრო გადაადგილება ანომალია არ არის. მაღალი თანამდებობის პირებს სხვა თანამდებობები შევთავაზეთ, თუმცა, ეს მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. არც ერთი კადრი მუდმივი არ არის. ახალ ხელმძღვანელს სჭირდება გუნდი, რომელსაც დაეყრდნობა და კომფორტულად იგრძნობს თავს", - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ სამსახურიდან წასული კადრების უმეტესობა პოლიტიკურად უკიდურესად ანგარიჟებული იყო.
მისივე თქმით, პოლიციაში წინა ხელისუფლების პერიოდშიც განხორციელდა რეფორმები, რომლებიც უშუალოდ მოქმედი პრემიერ-მინისტრის სახელს უკავშირდება. "პრემიერი იყო უშუალო დამფინანსებებლი. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რეფორმებს. ოპონენტები ცდილობენ, გააუფასურონ ჩვენი საქმეები. პატრულის ეკიპაჟი გავზარდეთ, რაც ჩემი სურვილი იყო. იგივე უნდა გავაკეთოთ რეგიონებში. ყოველგვარი სტატისტიკა მოწმობს, რომ კრიმინალი გაზრდილი არ არის და სიტუაცია სრულად კონტროლდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.