შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია, როგორ ყრიან სხვადასხვა პირები ახალ "შპრიცებს" სადარბაზოებთან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიცია"-ში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შსს აღნიშნულ ვიდეომასალას სწავლობს და უწყებაში გამოძიება მიმდიანრეობს. "ერთი თვის განმავლობაში მოხდა 1500 ამპულა ნარკოტიკის გახარჯვა შსს-ში. ეს მოხდა ჩემი წინამორბედის დროს. საინტერესოა, რა ოპერატიული საქმიანობისთვის იხარჯებოდა ის. როდესაც ოპონენტები ნარკოტიკების ფასზე საუბრობენ, შეიძლება მონოპოლიას ფლობენ და კარგად იციან ეს საკითხი. რამდენიმე ადგილზე დავაფიქსირეთ, რომ ვიღაც ადამიანები ახალ "შპრიცებს" ყრიდნენ იმ ფონის შესაქმნელად, რაზეც ოპონენტები საუბრობენ. რეალურად ყველაფერი საპირისპირო ხდება. არ ვამბობ, რომ ოპონენტები ყრიან. ამ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კონტროლდებოდა და, შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს ოპონენტების განცხადებები ნარკოტიკების ფასებთან დაკავშირებით.
"ისინი კარგად ფლობენ ფასებზე ინფორმაციას. ნარკოტიკების გაიაფებას ან მათი რაოდენობის ზრდას მე არ ვადასტურებ. ეს არის მოგონილი აბსურდული ბრალდებები. ჩანს, რომ გვყავს არაჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტები. ჩვენ მათ განცხადებებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ და მუშაობას ვაგრძელებთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის გამოხმაურებისას განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც საქართველოში გაიაფდა, ნარკოტიკებია.