საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები უმრავლესობის ლიდერთა, კერძოდ კი, უმრავლესობაში შემავალი ოთხი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის ინიციატივით მოეწყობა.
პოლიტიკური დებატების მოთხოვნისა და გამართვის წესს პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, დებატების დღის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვს ფრაქციას, უმრავლესობას და უმცირესობას.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა 45-45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი.
ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
გამომსვლელთა თანმიმდევრობას ბიურო განსაზღვრავს.
პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, ორკვირიანი ციკლის განმავლობაში ერთხელ ინიშნება. პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღება.
საგაზაფხულო სესიის ხვალინდელი პირველი პლენარული სხდომა 13:30 საათისთვის დაინიშნა.