თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის დასაწყებად საჭირო მოთხოვნებს და პირობებს აქვეყნებს .
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძემ განაცხადა, შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 18-დან-35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. ამასთან, 4- წლიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლიათ როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ისე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.
ქაროსანიძის თქმით, საკონტრაქტო სამსახურში მყოფ სამხედროებს მაღალი ანაზღაურება, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურება, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი, საერთაშორისო პროგრამებში და უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, თანამედროვე აღჭურვილობა და სრულფასოვანი კვება ექნებათ.
კანდიდატების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია. საბუთების მიღება წარმოებს ეროვნულ სასწავლო ცენტრში "კრწანისი" და ქუთაისში, მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები და სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საკონტრაქტო სამსახურის პირობებს გააცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებსა და ბიულეტენებს დაურიგებენ.
"ჩვენი წარმომადგენლები ყველა რეგიონში მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს. წინასწარ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტს და შემოუერთდება შეიარაღებულ ძალებს. ჩემი მხრიდან შემიძლია გავცე დაპირება რომ ყველა ის ცვლილება, რაც გატარდება თავდაცვის სამინისტროში, არის იმისკენ მიმართული, რომ გაუმჯობესდეს სამხედრო ბაზებზე არსებული პირობები და თითოეულმა სამხედრო მოსამსახურემ იგრძნოს რომ მის მიმართ არის განსაკუთრებული დამოკიდებულება", - აღნიშნა ქაროსანიძემ.