ამირან(ბუტა) რობაქიძის საქმის გამოძიება დასრულების სტადიაზე და ის სრული მოცულობით გახსნილად უახლოეს დროში გამოცხადდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქმის გახსნილად გამოცხადებისთანავე ყველა იმ თანამდებობის პირის ვინაობა გახდება ცნობილი, რომელიც ამ საქმეში მტკიცებულებების მოპოვებაში მონაწილეობდა. რაც შეეხება იმას, მოხდა თუ არა საქმესთან დაკავშირებით ყოფილი შს მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და სხვა თანამდებობის პირების დაკითხვა, კბილაშვილმა პერსონალიების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ამასთან მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში სამ საქმეზე ძიება გამოცხადდება დასრულებულად.
"ეს საქმეებია ემზარ ივანიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, სადაც პოლიციელის მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი. მეორეა, საქმე, რომელშიც ალეკო ტაბატაძის გვარი ფიგურირებს, ესეც სააშკარაოზე მალე იქნება გამოტანილი და ასევე მალე გახსნილად გამოვაცხადებთ თენგიზ გუნავას საქმეს, გამოძიება ამ კუთხითაც დასრულების სტადიაზეა. საუბარია, გუნავას პრეტენზიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. სამართლებრივი შეფასებები ახლა მიმდინარეობს, ამიტომაც თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან გამართლდა თუ არა ვინმეს ბრალეულობის საკითხი", - აღნიშნა კბილაშვილმა.
ამასთან კბილაშვილის ინფორმაციით, მალე დასრულებულად გამოცხადდება "სამხედრო მოსამსახურეთა ჩამარხვის" საქმესთან დაკავშირებული გამოძიება. "ეს საქმე უკვე მომწიფებულია", - აღნიშნა კბილაშვილმა.