საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ საქართველოს მოქალაქეების , ირმა ინაშვილის, დავით თარხან-მოურავის და იოსებ მანჯავიძის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განსახილველად არ მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"2013 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა განმწესრიგებელი სხდომის განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა "საქართველოს კონსტიტუციაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ"" 2006 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა."
მოსარჩელებს მიაჩნდათ, რომ სადავო ცვლილება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 28-ე მუხლებით განმტკიცებულ ადამიანის ღირსებისა და საარჩევნო უფლებებს. ისინი მიუთითებდნენ, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი არჩეულ იქნა 5 წლის ვადით, ხოლო 2006 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, ვინაიდან მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა გაიზარდა 18 თვით, ამომრჩეველს დაერღვა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური უფლებები.
მოპასუხემ, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა არ სცნეს კონსტიტუციური სარჩელი და განმარტეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კონსტიტუციური კანონი, რასაც ასაჩივრებენ მოსარჩელეები, წარმოადგენს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა ნიშნავს კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტას, რისი კომპეტენციაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დროს, სადავო ნორმა უკვე არსებობდა და ამომრჩევლისათვის ნათელი იყო, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები შედგებოდა 2013 წლის ოქტომბერში.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მას არ გააჩნია კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების უფლებამოსილება. თავად კონსტიტუციის ტექსტიდან, მისი შინაარსიდან გამომდინარე შეუძლებელია რომელიმე კონსტიტუციური მუხლისთვის უპირატესი მნიშვნელობის მინიჭება და ამის საფუძველზე კონსტიტუციის სხვა მოქმედი ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუცია მისი (საკონსტიტუციო სასამართლოს) დანიშნულების, ფუნქციის ეფექტურად განსახორციელებლად. მაგრამ, იმავდროულად, ის თავად უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან მისი საქმიანობის საფუძველი და კომპეტენციის ზღვარი საქართველოს კონსტიტუციაა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანო არის უფლებამოსილი კონსტიტუციური კანონის მიღების გზით კონსტიტუციის ტექსტში შეიტანოს შესწორებები, ცვლილებები და დამატებები. ამდენად, არასწორი იქნება თუ სასამართლო "უცვლელ" კონსტიტუციურ ნორმებს თავად შექმნის. იგი ვერ იქნება იმის შემფასებელი და განმსაზღვრელი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის კონსტიტუცია. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ თავად კონსტიტუცია იძლეოდეს საკმარის საფუძველს როგორც ამ კომპეტენციის ამოკითხვისთვის, ისე მისი ფარგლების გარკვევისთვის.
ზემოაღნიშნული მოტივაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ N549 კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღო არსებითად განსახილველად", - აღნიშნულია განცხადებაში.