ნოტარიუსი სოსო მუმლაძე სამხრეთ კორეის მოქალაქის ჩა ჰო პარკის განცხადებას გამოეხმაურა. ნოტარიუსის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"2013 წლის 05 თებერვალს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუს"-მა გაავრცელა სამხრეთ კორეის მოქალაქის ჩა ჰო პარკის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ 2007 წელს ჩამოვიდა საქართველოში ინვესტიციის დასაბანდებლად, თუმცა მოატყუეს. კერძოდ, ჩა ჰო პარკი აცხადებს, რომ ის შეხვდა იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრ ნიკოლოზ კვეზერელს, ფინანსთა ყოფილ მინისტრს მირიან გოგიაშვილს, საქართველო-აზიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ კობა კიკრიაშვილს და მათთან დაახლოებულ პირს ნანა ესაკიას. როგორც ჩა ჰო პარკი აცხადებს, ნიკოლოზ კვეზერელი და მირიან გოგიაშვილი დაპირდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას მოაგვარებდნენ და სანაცვლოდ მოგების 30% მათი იქნებოდა. მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო ნოტარიუსი სოსო მუმლაძე.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო შემდეგი: ჩა ჰო პარკის განცხადება ჩემი მისამართით არის სრულიად უსაფუძვლო, ჩემს სანოტარო ბიუროში, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, ჩემს მიერ შესრულებულ იქნა მხოლოდ ერთი სანოტარო მოქმედება (მინდობილობა). აღნიშნული სანოტარო აქტის შესრულებაში მონაწილეობა მიიღო დიპლომირებულმა თარჯიმანმა, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულ იქნა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
სხვაგვარი შეხება სამხრეთ კორეის მოქალაქი ჩა ჰო პარკის ბიზნეს საქმიანობასთან მე არ მქონია; მე შევასრულე მხოლოდ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობა და არანაირი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩამიდენია.
განცხადებაში მითითებულ პირებთან არანაირი საქმიანი ან პირადი ურთიერთობები არ მაკავშირებს.
დამატებით შევნიშნავ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება და დამნაშავე პირებს თავის დროზე შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით",-აღნიშნულია ნოტარიუს სოსო მუმლაძის განცხადებაში
სამხრეთ კორეის მოქალაქ ჩა ჰო პარკმა თავის თანამემამულეებთან ერთად დღეს მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დახმარება სთხოვა.