პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, სავარაუდოდ აღარ განიხილავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხამალაძემ განუცხადა, პირველი მოსმენით ხვალინდელ სხდომაზე საკითხის განხილვა აღარ მოხდება, რადგან უმრავლესობა უმცირესობას ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ დებატებს სთავაზობს.
თუმცა მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე იქნება მიღებული. ბიუროს სხდომა საკანონმდებლო ორგანოში დღეს 16:00 საათზე დაიწყება.
დღეს ასევე გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იყო ჩანიშნული, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო. კერძოდ, როგორც თავად ხმალაძემ განმარტა, ამის მიზეზი არის ის, რომ უმცირესობამ უარი განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო სახალხო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.