უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს და აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის რომელიმე წევრის მეშვეობით მოხდება.
როგორც კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული კანონპროექტი მოსამართლეთა სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თითოეულმა მოსამართლემ უფრო მეტი გარანტია და სტაბილურობა იგრძნოს, რომ ისინი იქნებიან უვადოდ დანიშნულები და 65 წლის ასაკამდე მათ ვერავინ ვერ შეეხება და არ ექნებათ პრობლემა სხვა სამსახურის ძიების", - განმარტა კუბლაშვილმა.
ამასთან, კუბლაშვილმა ხელისუფლების შეთავაზებულ პროექტზე ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზეც გაამახვილა ყურადღება.
"ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ თვითონ მითხრა, რომ დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების ვადის ასე შეწყვეტა - უბრალოდ, კანონი მივიღოთ და ამ კანონის გამო შევწყვიტოთ ძალიან მარტივად მათი უფლებამოსილება. თავისი პოზიცია მანამდე დააფიქსირა, სანამ მე დავიწყებდი ამ საკითხზე მსჯელობას", - განმარტა კუბლაშვილმა.