გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოჩნდა, რაც სასამართლო განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას იძლევა , - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და გურამ შარაძის ადვოკატებმა ირაკლი გაბრიჩიძემ და გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს.
ირაკლი გაბრიჩიძის განცხადებით, საქმეში ახალ გარემოებას ქარმოადგენს სავარაუდო მოწმის ჩვენება, რომელიც #1 საპყრობილეში პატიმრობაში მყოფ გიორგი გათენაძეს ეკუთვნის. ადვოკატი აპირებს, მთავარ პროკურატურაში განაცხადი შეიტანოს, რომელსაც პატიმრის გამოკითხვის ოქმი დაერთვება. გაბრიჩიძის თქმით, პატიმარი 2008 წლიდან ინვალიდია.
"ის მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ბარათელი არ არის მკვლელი. მკვლელი არის სულ სხვა. ამ პიროვნებას აიძულებდნენ, რომ ბარათელზე ზემოქმედება მოეხდინა, რათა მას დაებრალებინა არა მარტო გურამ შარაძის მკვლელობა, არამედ დაესახელებინა, რომ მკვლელობის შემკვეთი იყო გოგო ხაინდრავა. პატიმრის ჩვენება დამაჯერებელია", _ აღნიშნა გაბრიჩიძემ.
მისივე თქმით, პატიმარ გათენაძეს ბარათელზე ზემოქმედების მოსახდენად მითითებებს ოლეგ მელნიკოვი და კიდევ ერთი პიროვნება აძლევდა. ადვოკატმა განმარტა, რომ გათენაძემ მელნიკოვი ტელეეთერით იცნო. მან ასევე ტელეკადრებში ამოიცნო მეორე პიროვნება, თუმცა მისთვის ამ პიროვნების სახელი და გვარი უცნობია.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ახალ კვალზე გავა, ობიექტური გამოძიება ჩატარდება და დადგინდება ნამდვილი მკვლელი. გაბრიჩიძე ასევე იმედოვნებ, რომ სიმართლის დასადგენად პატიმარ გათენაძისა და მელნიკოვის დაპირისპირება მოხდება.
პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უკვეთავდა მკვლელობებს შემდეგ ამ მკვლელობების გადაბრალებას ცნობილ სახეებზე ცდილობდა. კერძოდ, ხატიაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობდა გადაებრალებინა გოგა ხაინდრავასთვის, რომ თითქოს მკვლელობისთვის 500 ათას დოლარს გადაიხდიდა.
ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ გურამ შარაძის ბურუსით მოცული მკვლელობის შემკვეთი და შემსრულებელი საბრალდებო სკამზე უნდა დაჯდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოებას ამ მკვლელობაზეე შეკითხვები აღარ დარჩეს.
"თუ მკვლელები საბრალდებო სკამზე არ დაჯდებიან, სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში ვერ განვითარდება", _ აცხადებს ხატიაშვილი.