საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის დროს ექსცესებს და სხდომის ჩაშლის მცდელობებს არ გამორიცხავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, არის მოსაზრება, რომ გარკვეული ექსცესებია დაგეგმილი და სხდომის ჩაშლის შესაძლებლობაც შეიძლება იყოს უმრავლესობის აქტივისტების მხრიდან.
მისივე თქმით, ამაზე კონკრეტული განცხადებები არა მხოლოდ აქტივისტების, არამედ პარლამენტის წევრების მხრიდანაც უკვე კეთდება.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ის ფაქტიც შეაფასა, რომ მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება. მისი შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ გამოხატული უპატივცემულობა, რადგან ეს პროცესი პარლამენტში ხორციელდება და პარლამენტის მიმართ გამოხატული უპატივცემულობაც არის.
მისი შეფასებით, მთავრობა ზოგადად მკვეთრად დაპირისპირებულობით გამორჩევა ოპოზიციის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 8 თებერვალს წარსდგება. მის სიტყვით გამოსვლას როგორც დღეს პრემიერმა აღნიშნა მთავრობა არ დაესწრება.