სასამართლო და პოლიტიკა ერთმანეთთან ნამდვილად ვერ დაიწყებენ დებატებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეთავაზებას დებატებში მონაწილეობის შესახებ. როგორც კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოსთან კოჰაბიტაცია ყველაზე მარტივია.
"იუსტიციის მინისტრი არის პოლიტიკოსი, ამიტომ სასამართლო და პოლიტიკა ერთმანეთთან ნამდვილად ვერ დაიწყებენ დებატებს. სასამართლოსთან კოჰაბიტაცია არის ყველაზე მარტივი. მხარეებმა უნდა მოიტანონ თავიანთი პოზიციები სასამართლოში და სასამართლო ან დააკმაყოფილებს მათ, ან არა. შემდეგ მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ , მერე კიდევ გაასაჩივრონ და თუ მაინც კმაყოფილები არ იქნებიან, მაშინ სტრასბურგში გაასაჩივრონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი და კოჰაბიტაციაც სწორედ ამ კუთხით არის ყველასთვის ადვილი - ჩვენ არავისთან არ გვაქვს წინააღმდეგობა, არც ვინმეს ოპოზიციაში ვართ, პირიქით, მზად ვართ თანამშრომლობისათვის და ამ პროექტშიც ძალიან ბევრი საკითხია რაზეც ჩვენ შევთანხმდით იუსტიციის მინისტრთან. არავითარი პრობლემები არასდროს არ დასმულა ამ საკითხებზე. ისინი თავად სვამენ პრობლემას იმ კუთხით, რომ თურმე რომელიღაც მოსამართლეები არ აკმაყოფილებენ პროკურატურის შემოტანილ შუამდგომლობებს. ეს ასეც უნდა მოხდეს. რაღაც დაკმაყოფილდება, რაღაც არა. მოსამართლე თავად წყვეტს, რა დააკმაყოფილოს და რა არა და ამას, ჩემი აზრით, ყველა უნდა შეეგუოს", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დებატებში გამოიწვია.
როგორც წულუკიანმა 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას სურს კუბლაშვილთან ისაუბროს დღევანდელი მართლმსაჯულების შესახებ.
"რაც შეეხება ბატონ კუბლაშვილს, მე მას კიდევ ერთხელ ვიწვევ დებატებში დღევანდელი მართლმსაჯულების შესახებ და იმ მდგომარეობის თაობაზე, რომელშიც მან მისი ხელმძღვანელობის პირობებში ჩააგდო ქართული მართლმსაჯულება. თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ის დღემდე არ თანხმდება ამას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, როდესაც პროკურატურა ამა თუ იმ ბრალდებულის მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, "კუბლაშვილის სასამართლო მათ გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებს".