საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ და რუსეთთან ურთიერთობასაც დავალაგებთ".
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დასანახად ის, რომ აფხაზეთსა და ოსეთში ასე სწრაფად რაიმე მომხდარიყო, ეს არც იგეგმებოდა. ოსეთში გაზის შეყვანას ვცდილობთ და გუშინ მე და პაატა ზაქარეიშვილი მთელი საათი ვსაუბრობდით. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იქ გაზი შევიყვანეთ. ახლა უკვე ფასებზე მიდის საუბარი. არ დაგიმალავთ, რომ სახალხო დიპლომატიის წყალობით, მე რა ინფორმაციებიც მაქვს, განწყობებს ძალიან კარგად ვსწავლობ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ, იქ საუბარია რკინიგზაზე. მის გახსნაზე ზედმეტია საუბარი. ვთქვი, რომ ეს პოლიტიკურად სწორია, მაგრამ რთულია და ოპოზიციამაც მკაცრ კრიტიკაში გაგვატარა, როგორ შეიძლება, რომ აფხაზეთიდან საქართველოში მატარებელი შემოდიოდესო. მოკლედ შიდა ინფორმაციებიდან გამომდინარე, განცდები პოზიტიურია. ჩემთვის გადამწყვეტი როლი დღეს ეკონომიკის აღზევებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეკისრება და ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი იყო ბაზრის გაფართოება. ეს პირველი ნაბიჯი ჩვენთვის აუცილებელი იყო. აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემების მოგვარებას ყველანაირად ვცდილობთ. სახალხო დიპლომატიის დონეზე მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზებსა და ოსებს პოზიტიური განწყობა აქვთ, ეს არის დადებითი. ჩემი აზრით, რუსეთსაც არ აწყობს და არ აქვს სურვილი, რომ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს. ოპტიმიზმი გაიზარდა და ვფიქრობ, რომ ტერიტორიულ მთლიანობასაც აღვადგენთ და რუსეთთან ურთიერთობასაც დავალაგებთ. ეს ყველაფერი სწორი ქმედებით უნდა მოხდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.