ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოში სამი ტიპის ფონდი დაფუძნდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკვე დაწყებულია „საქართველოს სუვერენული ფონდის“ დაფუძნების პროცესი და იგი „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე კეთდება.
მისი თქმით, ამ საკითხში საქართველოს პარტნიორობას ყველაზე დიდი საინვესტიციო ბანკი „ჯეიფი მორგანი“ უწევს.
„ეს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას დიდ სტიმულს მისცემს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ყალიბდება „საქართველოს ახალგაზრდული ფონდი“, რომლიდანაც საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ დამატებითი დაფინანსება და ინვესტიციები მიიღონი საკუთარი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
მისი თქმით, მესამე იქნება „კერძო საინვესტიციო ფონდი“. პრემიერი განმარტავს, აღნიშნული ფონდი პარტნიორობას გაუწევს ყველა უცხოელსა და არამახოლოდ უცხოელს, ვისაც საქართველოში განსახორციელებლად რენტაბელური და დასაბუთებული პროექტი ექნება. „ეს განსაკუთრებით საინტერსოა უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანას ცუდად იცნობენ. საინტერსო პროექტების შემთხვევაში, მსურველს ფონდი თანადაფინანსებას გაუწევს 25 პროცენტიდან 75 პროცენტამდე. ამ ფონდის მოცულობაც, ისევე როგორც „სუვერენული ფონდისა“ დაახლოებით 2 მლრდ დოლარი იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.